ახალ ცისკართან

განთიადს სძინავს ლურჯ სარეცელზე,
ჯერ დილის სიო არ მოხვევია,
არ დასცემია ყვავილებს ნამი
და მათ მკერდს ვნებით ჯერ არ მთხვევია.
მთვარის რბილ ნათელს ფერი ელევა,
ვარსკვლავთა გუნდი კლდის ირგვლივ დნება
და დამძიმებულ ნისლთა თეთრი ზღვა
მთის კალთებიდან დაბლა ეშვება.
დარჩი, ღვთაებავ! სულს ღონემიხდილს
სურს აღმადგენელ ოცნებად სწამდე,
დარჩი! მსურს ჩემი უსაზღვრო ვნებით
ვიქანცებოდე განთიადამდე!..
მომეცი მე ის უკანასკნელი,
რომელსაც შენი მხურვალე გული
ჯერ ვერ იცილებს... მომეცი იგი,
გთხოვს, გევედრება შეყვარებული.
და დავრწმუნდები მე მხოლოდ მაშინ,
რომ ჩემს გარეშე ღმერთი არა ჰყავს
მას, ვინაც სულის დაუნანებლად
ახალ ცისკართან ყველაფერს ჰკარგავს.