ბაწარზე

იგრიხება ბაწარი -
ვიწრო ტოტი ქარისა,
ქვევით ისმის საზარი
გრგვინვა ნიაგარისა,
დაივიწყე რაც არი,
შორით მოსჩანს ტაძარი
მთისა მინანქარისა.
წინ, ბაწარზე ორეულ
მზით აივსე პეშვები!
დაგინდობს ან მორევი,
ან ნაპრალთა ეშვები,
ან მზეს ნახავ შორეულს,
ან სიგიჟე-მორეულ
ზღვაში გადაეშვები.