ბინდი ღამისა გაჰქრა

ბინდი ღამისა გაჰქრა,
ვით მოჩვენება მკრთალი,
აღმოსავლეთმა გაჰკრა
ყინვებს სხივების ალი.

ხავერდოვანი მდელო,
ხავერდოვანი მთები,
გატანილია ლელო
და აღტაცებით ვთვრები.

ო, რანაირად ერთო
სულს გატაცებით ქროლა,
მადლობელი ვარ, ღმერთო,
რომ განვიცადე ბრძოლა.