ბინდის სტუმარი

ოჰ, გევედრები, ნუ შემიშფოთებ
ლოცვას მხურვალეს, ლოცვას პოეტურს...
შუაღამეა... მოვსთქვამ და ვგოდებ...
- შენთან ყოფნა მსურს... შენთან ყოფნა მსურს...

- ბინდი ღამისა გადაიშალა,
განთიადია... მე ვიტანჯები...
სად მიგაქვს სუნთქვა... სად მიგაქვს ძალა?
- შენთან დავრჩები... შენთან დავრჩები!

- ნაზი, წარმტაცი და მიმზიდველი
ახალი მხარე, ახალი ბინა,
ჯადოთა მხარე შიშველ-ტიტველი
მე მარტოობამ შემამჩნევინა.

წყეულ იყავ შენ... შენს სუნთქვას ძლიერს
გრძნობამ წუთები გადაატანა,
რას შთამისახავ ახალს, ზეციერს?
- იყავ დემონი, იყავ სატანა!

- მაგრამ შენ ვინ ხარ? დიდების სახე,
თუ უკვდავების ნაზი სამოსი?
სევდა ხარ ღამის, თუ სივაგლახე,
თუ სიცივე ხარ სასაფლაოსი?

ოჰ, ნეტავი მეც გამაგებინა,
რას მიმზადებენ ჟამნი და დრონი...
ოჰ, მიპასუხე, ვინა ხარ, ვინა?..
- იყავ სატანა, იყავ დემონი!