გაზაფხულია


გაზაფხულია. ხე ფოთოლს ისხამს.
ვაზის ცრემლებით აივსო ზვარი.
ამ მშვენიერ დღეს, ამ დილას სისხამს
ფეხებს გისუსხავს ეს უხვი ცვარი.

კარგია, როცა რიჟრაჟი მოსდებს
სიმინდს და ხეებს ნამების ლივლივს;
საკმარისია შეეხო ტოტებს
და ნამი თავით კოჭამდე გივლის.

შორით კი ხვამლი მოსჩანს ცისფერი,
როსმე ის ჩემი იყო ზმანება.
გაივლის თვალწინ იგი სიზმარი
და რაღაც მწარედ დამენანება!

ხე ფოთოლს ისხამს, ხე ფოთოლს ისხამს,
ქალაქის ბაღის და სოფლის ზვარის.
ამ მშვენიერ დღეს, ამ დილას სისხამს
მაცოცხლებელი ეცემა ცვარი!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი