გაზაფხულის მოლოდინი

ცა პირს იხსნის... მედიდურად
მთა დასცქერის დაფენილ ბარს,
გაზაფხულის მოლოდინში
ქარიშხლის წინ არ იხრის თავს.
ხედავ, როგორ იკლაკნება
პაწაწინა ნაკადული?
გაზაფხულის მოლოდინში
მასაც ლხენით უძგერს გული!
მაგრამ მე რად დამეკარგა
სიმშვიდე და მოსვენება?
ნუთუ სპეტაკ მომავალშიც
არაფერი გულს არ ხვდება?
მალე ველი ამწვანდება,
არემარე იგრძნობს შვებას,
და ყვავილთა გუნდიც უხვად
გადმოაფრქვევს სურნელებას.
მხოლოდ მე კი არ მომალხენს
სიკეკლუცე გაზაფხულის,
გულშივ ჩაჭკნა ნორჩი რწმენა
სიყვარულის, სიხარულის!