გაზაფხულის ღამე


ცელქი სიო აღტაცებით ბუჩქნარს დალალს უხუჭუჭებს,
და პეპელა, ძალმიხდილი, ჩასდნობია ვარდის ტუჩებს,
მთვარე ყინვით ნაკვეთ მწვერვალს მხურვალებით ლოცავს, კოცნის,
და ხანდაზმით ისმის ჰანგი გულჩათუთქულ ღამის მგოსნის.

იადონო! ერთხელ კიდევ გამაგონე ხმა გრძნეული;
არა მძინავს და ყურს გიგდებ სევდიანი, იჭვნეული.
ბუჩქის ძირას, ფეხაკრეფით, ახლო, ახლო მოვირბინე,
გადმეშალა ფიანდაზად ძირს მინდორი მობიბინე.

არ ვიცოდი, რა მინდოდა, არ ვიცოდი, რას ვიცდიდი,
ცას მხურვალედ მივაშტერდი და სიმწარით ავქვითინდი.
ნიავი კი აღტაცებით ბუჩქნარს დალალს უხუჭუჭებს,
და პეპელა, ძალმიხდილი, ზედ ადნება ვარდის ტუჩებს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი