გაზი

მას სურს დასწვდეს ცოცხალ ბაგეს!
მახრჩობელი ჩრდილი!
შესძრას სოფლის თუ ქალაქის
სიცხადე და ძილი!
გაიარა მაღალ კლდეზე
მდუმარება ხიდის,
იგი მოსჩანს მდინარეზე,
იგი ბეწვზე მიდის.
საწამლავით ხელში მოსულს
უფრთხის ქუჩაბანდი
და შენებას გრანდიოზულს
ეფარება ლანდი.
ფანტასტიურს რომ ჰგავს გველებს
მდუმარებით სავსე,
მახრჩობელა თავის ხელებს
შლის ქალაქის თავზე.
იგი თითქო მავთულზე რბის
ელექტრონის ცემით,
ეჯიბრება ეკვილიბრისტს
მსვლელს რადიო-გემით
და მშველელი რამე ბადე,
ვით წამალი ექიმს,
ნიღაბებით მოფარფატეს -
მოაქვს ავიაქიმს!