0 2023

გზა გამარჯვების


გზა გამარჯვების!
ფერადები ცას შელეკია,
ცას შელეკია
ფერადები ცეცხლის როფების...
ნუ დაგიმონებს
მოგონება, ნურც ელეგია,
ყრუ ელეგია
განშორება-დამშვიდობების!
ეხლა სხვა ვარდნი ირევიან
ქარიშხლის ნავზე,
ქარიშხლის ნავზე
ყველაფერი თრთის მონდომებით,
სხვა გრძნობებისთვის
იმოსება ბუნება სავსე,
ბუნება სავსე
განშორება-დამშვიდობებით.
ძველი მუხის ხე
ჩვენთანაა, ვით ძველისძველი,
ვით ძველისძველი
მეგობარი, მომსწრე ომების.
მას განუცდია
და წარშლია მრავალი წელი,
მრავალი წელი
განშორება-დამშვიდობების!
აჰა, სინათლემ
კავკასიის დაჰფარა ქედი,
დაჰფარა ქედი...
ნუ შეკრთები ამაოებით:
რაც დედამიწა
გაჩენილა - სავსეა ბედი,
სავსეა ბედი
განშორება-დამშვიდობებით.
გზა გამარჯვების!
დაიცავი შენი ქვეყანა,
შენი ქვეყანა გევედრება
დიდის ვედრებით:
კვლავ შეგვახვედრებს
გამარჯვების ახალი ხანა -
ახალი ხანა
აღტაცებით და შეხვედრებით!
კომენტარები (0)