დღითი დღე ყოფნა შეიქმნა ძნელი


დღითი დღე ყოფნა შეიქმნა ძნელი
და უამური,
დაკეტეს მალე ქარხანა ძველი,
მტვრით განაბური.

დასწვეს ნახშირი, აქციეს ნაცრად,
აქციეს ბოლად.
ლითონიც სულ მთლად გამოიკაწრა -
ფერფლია მხოლოდ.

„ვერვინ იპოვის, რომ შესძლოს ყიდვა,
თუ შესწვდა ღონე.
ძნელია მისი აქ გადმოზიდვა“ -
წუხს მეპატრონე.

დალპა განძელი, ხმას ვერ აგონებს
დღე გულმავიწყი.
ჩიხებში მიყრილ სნეულ ვაგონებს,
არა აქვთ რიცხვი.

გაცვეთილთ სძინავთ ხრამში ორთქლმავლებს,
დაშლილთ წვიმებით.
ჩამქრალ ღუმელებს კაცი თვალს ავლებს
და იღიმება.

დარბეულია ნასიმინდარი,
ქოხი, ბანაკი,
უხნავ-უთესი დარჩა მინდორი
და აგარაკი.

იმ საცოდავ გლეხს გააჩნდა რაცა,
ეხლა სად წავა?
დროებამ ხელით სულ გამოსტაცა,
გაანიავა.

მას აღარა ჰყავს ხარი და ცხენი.
დგას გულმოსული,
ის კარ-მიდამოს გაჰყურებს წყენით,
გონს ვერმოსული.

ომში წაასხეს შვიდივე შვილი -
ბურჯები მამის.
მასაც კარს ადგას, აჰა, შიმშილი,
გაგიჟდეს ლამის.

ყინულ სანგრებში ზის ჯარისკაცი
და იშეშება.
მასაც შიმშილი, სიცივე მკაცრი
აღარ ეშვება.

გამწარებულა იგი შიმშილით,
ცა ახურია,
როს იწვევს ომში ის იერიშით,
შია, წყურია.

სხვას კიდევ დიდი საქმე არ მართებს
რამე სადავო,
რომ მტერს წამშივე ტყვედ ჩაუვარდეს,
და გაათავოს.

არ აქვს მთავრობის პატივისცემა,
სთვლის საპნის ბუშტად,
მალე უფროსებს დაუწყო ცემა
კონდახით, მუშტით.

არ ესვრის, მტერი თუ დაინახა,
ხანჯალს არ მკვეთრავს,
არც მტერი ცდილობს ეგრე ვაგლახად,
მტრულად შეხვედრას.

ის ომის ველზე გამოდის მასთან
კვლავ დილდილობით,
ისევე, როგორც ძმა მივა ძმასთან,
სიამტკბილობით.

თავისად, რაც აქვთ ნაამაგარი,
არ მიაჩნიათ:
პური, თუთუნი, ანუ შაქარი,
რაც გააჩნიათ.

შეჰყვეს მთავრობა გასართობთ წყებას,
ახსოვდეს მეფეს,
იგი ვერ ნახავს აქ გამარჯვებას,
ვით თავის კეფას.

ამაოდ დაგავს სურვილი და წვა
უკმაყოფილო:
იქვე დარჩება დედამიწა,
სადაც ყოფილა.

აქ არც კაცია და არც ფიცია,
ნუ იხარჯება:
არავის უნდა ის გალიცია,
იქვე დარჩება.

რად უნდა სხვისი მიწა ჯარისკაცს?
სად შეინახოს?
ბურჟუა რატომ ჯარისკაცს ჰკიცხავს,
როგორც უსახოს?

თუ მეფეს მიჰყავს ეს ომი ცუდად,
სიკვდილი შეჰფერს.
რად გვინდა ომი? მეფე - იუდა,
ძირს იგი მეფე!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი