0 715

ელექტრონის საუკუნე


ციკლიდან „ეპოქა“

ბატარეებში,
რომლებშიდაც ელექტრონია,
რომ მიაქანებს
ამ რონოდებს, დაგვწვავს, მგონია.
ანბანებით და
ნიშნებით რომ ხაზავს რეკლამას,
ვენტილიატორს
ატრიალებს ქარივით ლამაზს.
დინამოების
მანქანების მძლავრია ენა,
გენერატორთა
სადგურები, ბუკი, სირენა.
იცოდეს ყველამ,
სადაც დგამენ უმძიმეს ძრავებს,
რომ ესაუბროს
რკინისგზებს და მიმქროლ ტრამვაებს,
ყველგან გაისმის
ელექტრონის ზარის წკარუნი,
კაბელების და
კამესტანის სჩქეფენ წყარონი.
ელექტრონული
ოკეანების რბიან ბრბოები,
მექანიკური
საზომები, ხელსაწყოები.
დააქროლებენ
კიდით-კიდე ახალ სანათებს,
ლიფტებს უმაღლესს
სართულებთან ის ათანადებს.
მოდიან შორით
გაზეთები და ბარათები,
ელექტრონული
საკონტროლო აპარატები.
რა წარმტაცია,
რა მღელვარე ძალთ გადაცემა,
ბოძების ჩუმი
დაფიქრება და აღტაცება,
ის მიიჩქარის
ვით კივილი ავტომობილის,
იბრძვის სინათლე
და სიბნელე გულგაპობილი.
გამთბარ ღუმელებს
მხიარული გააქვთ გუგუნი,
რომ მათ ეკუთვნისთ
ელექტრონის ეს საუკუნე.
შუაღამისას
მძაფრი გააქვთ სისინი სიმებს,
ის ზეცაშიც და
მაღაროშიც არ დაიძინებს.
ბურღავს მიწის გულს
და შადრევნებს აისვრის ცაში,
ბროლთა და მინათ
საოცარი არის კაშკაში,
რომ მოანატროს
მიბნელებულ ღრუბლებს ფერები,
მათ ძალთა მთვლელი
ჯგუფდებიან ინჟენერები.
ელექტრო-თეატრს
უხარია, რამდენად მეტად
თავს დაადგება
მაყურებელს ფარვანის სვეტად.
ელექტრო-საათს
მიაქანებს თავის მატორი,
სადაც წამს უცდის
ელექტრონის ტრანსფორმატორი.
ელექტრო-ლინზას,
სპეციალისტს, ელექტრო-მედიკს,
უფრო უმაღლეს
საუკუნის ესმის იმედი.
უფრო უმძაფრეს
იელვებენ ცივი ლანდები,
ელექტრო-უთო,
ტეხნიკები, კონსულტანტები.
მბჟუტავი გაზი
იღუნება ვით ბერიკაცი
და უფსკრულისკენ
მიდის, როგორც ძველი ბარკასი.
კომენტარები (0)