ერთმა წუთმა


გზაჯვარედინზე შავი დემონი
წინ გადამიდგა მე ქალის სახით...
„ოჰ, მებრალები - მან მითხრა - რადგან
გზას ვერ გააპობ ვაი-ვაგლახით!

ბედნიერება არ არის ქვეყნად
ისეთი, რასაც პოეტები ქმნით,
ეს არის მხოლოდ თქვენი ოცნება
და ჩაფიქრება, ისიც ცოტა ხნით.

იყავი ჩემთან, იყავ უგონო!
ალერსით დაგწვავ, წამომყე, წამო,
თუ ერთი წუთით მოგმადლებ შვებას,
მთელ სიცოცხლეში უნდა ეწამო!“

ჩამჩურჩულებდა ეგ ნეტარი ხმა,
ხმა ეგ ცბიერი, ხმა მომხიბლავი,
ციურმა შვებამ გამომიქროლა,
ოცნების ტალღებს მივეცი ნავი!

დაუფიქრებლად ამ ერთმა წუთმა
ტკბილი ღიმი და ნაზ ფიქრთა ბინა,
მთელი იმედი და მომავალი
უცებ სრულიად დამაკარგვინა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი