0 1139

ზაზე


კვლავინდებურად ირხეოდენ ალვის ხეები,
ცად ატყორცნილი ყინვის მთები ისხდენ მეფურად,
კვლავინდებურად ჩურჩულებდენ ხშირი ტყეები,
და ნაკადულიც ირწეოდა კვლავინდებურად.
მხოლოდ ეს გული, ჩემი გული, ერთ დროს მხურვალე,
ისე, ვით წინად, აღარ ფეთქდა, აღარა თრთოდა,
განვლილი იყო ის გზა, როცა ყოფნის წყურვილი
სიკვდილის აჩრდილს აღქაფებულ ძალით ებრძოდა.
ეყო გულს, ეყო გამუდმებით ქეჯნა-წვალება,
ეყო თვალთ მწარე და უმიზნო ცრემლთა პკურება,
გზა განვლილ იყო... და ეწვია საბრალო სხეულს
საშემოდგომო, უიმედო დაუძლურება.
დრო აღარ დარჩა, რომ ახალი ვიწყო ცხოვრება,
მაგრამ ეს ყოფნაც ხომ გზა არის თავისდაგვარი?
ვინ უწყს, თუ რამდენს გაუვლია ამ ეკლის გზაზე,
მათი ხსენებაც ქვეყანაზე ხომ აღარ არი?
ალვის ხეები კი დგანან და კვლავ ირხევიან,
ისევ იტაცებთ უჟამური ოცნება დიდი,
ცად ატყორცნილი ყინვის მთები კი სდარაჯობენ,
თუ იმათ ახლო ვინ გაივლის ან გამოივლის!
კომენტარები (0)