0 1905

კავშირი გულთა შორის


დიდო არმია! არის შენი მედგარი მხარი
ჩვენი სამშობლო მხარის მარჯვე ხმალი და ფარი.
მებრძოლმა ჩვენი ველის, ჩვენი მთისა და გორის,
ჩვენ რუსთაველმა გვითხრა: კავშირი გულთა შორის!

იყოს ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი,
რომ მიარღვევდეს ბურუსს გაკაჟებული მკერდი.
ვერავინ დაამარცხოს მგრძნობი მიზანის სწორის,
მარადჟამს მზიანია კავშირი გულთა შორის!

კავშირი გულთა შორის! როცა გულს იცნობს გული.
რაა ამაზე უფრო მშვენიერი და სრული.
გზა გვქონდეს გამარჯვების არა ერთის და ორის,
ყველაფერს გადალახავს კავშირი გულთა შორის!

ძველო ასპინძის ველო, ძველო ციხეო გორის,
მკერდით გიცავდათ მძლავრი კავშირი გულთა შორის!
მარად სიცოცხლეს უდგა და ისტორიის მდორის
ამფეთქებელი იყო კავშირი გულთა შორის!

უძლეველია ციხე, ბუდე ორბის და ქორის,
რაიც ააგო დიდმა კავშირმა გულთა შორის!
დიდო არმია! მძლეა ფიცი ტოლის და სწორის!
კავშირი გულთა შორის! კავშირი გულთა შორის!
კომენტარები (0)