0 576

კაცი სათვალეებით


ციკლიდან „პაციფიზმი“

სათვალეებში მყოფი თვალები
ძლევამოსილთა იმედით სრული -
მიდის ქუჩაზე, თუმც მოკრძალებით,
პაციფისტურად
უღელავს გული.
იგი ქადაგებს მართლმსაჯულებას,
კანონს,
კომპრომისს და
მოწყალებას:
„სულ გადაუდგენ სამართალს და რჯულს,
ვერ გრძნობენ ხალხის
ამდენ წვალებას“.
აქ თვითნებობის დაუხვდა რკალი,
მისცა სალამი
ღიმილით ზრდილით,
სადმე შევხვდები, - იფიქრა გულში, -
რათ დავიმდურო ამ სისხამ დილით.
მას გზაში შეხვდა
ამაყი კაცი.
მის წინაც მშვიდათ თავი დაჰხარა:
„უფლება აქვს, რომ იყოს ამაყი,
მისია ბურთი, დაფი, ნაღარა“.
ახლა მას შეხვდა
უაზრო შური.
ნათესაურად შურს გაუღიმა:
„როგორ გიკითხო?
როგორ ბრძანდები?
რა ამინდია, დარი თუ წვიმა?“
მას შეხვდა მუშა -
„რა უზრდელია!“
პაციფისტს როგორ ეს არ ახსოვდეს?
ცოდვას ის კიდევ აპატივებს კაცს,
პროლეტარობას კი -
არასოდეს!
მისთვის ცხადია: ხუთივე გრძნობით
სიფუსფუსეში და ჟრიამულში,
ამინდზე, დარდზე ესაუბრო კაცს
და სულ სხვა რამეს
ფიქრობდე გულში.
შემოხვდა გზაში
სიმართლის ძალა,
უძლიერესი კლასიურ ისრით,
მას სიცბიერის მიართვა ბანგი
და გადაუშვა
სიმართლე კისრით.
შემოხვდა გზაში
ბრძოლები მალი
და როცა სისხლმა მიიღო აზრი,
მან საომარი აიღო ხმალი
და დაიკიდა ხანჯალი ბასრი.
არც ძალადობას უკრთება იგი
და სანატრელი მისთვის ბადეა,
სადაც ცბიერი არსებობს ხრიკი
და ერთა ლიგის
დიპლომატია.
და სულს ასეთი ფერით
ნაქარგავს,
თუმც გაცვეთილი,
ხმელი ნერგია,
ჯერ საბოლოოდ
არ დაუკარგავს
ბოროტი გრძნობა
და ენერგია.
კომენტარები (0)