მარმარილო


აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება,
და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, -
ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!

სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი,
და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!

აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე,
რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე;
გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:

ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება,
ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!

აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს,
სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს, -
ცა სიყვარულის და სიცოცხლის ძვირფასი თასი.

და ყოფნა ასე, მოლანდება ასი ათასი,
რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი...
ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი