1 2283

მე ამ ყვავილებს


ო, ნუ იფიქრებ, რომ მოკვდა გული,
რომ სულ დავმარხე ოცნება წრფელი,

განადგურების ეკლიან გზაზე
გულს ბევრი რამ აქვს ხელუხებელი.

ველი, ვიბრძოლებ... მე ამ ყვავილებს
ვატარებ, სანამ მექნება ძალი,

რომ არ შეეხოს მას სისასტიკის
ხელი შავბნელი, ხელი მუხთალი.

და მუდამ გულში გავზრდი იმ იმედს,
რომ სადღაც არის ისეთი მხარე,

სადაც ედემი ჰყვავის მზიანი,
სადაც არ არის სული მწუხარე.

წინ მელის ბედი, რაც იყო-იყო,
ის წარსულია განუკურნელი,

ხელუხებელი გულს ბევრი რამ აქვს,
სულს კიდევ დარჩა ოცნება წრფელი.
კომენტარები (0)