0 3520

მიმღერე რამე!


როგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრულის
დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე,
იმას იგონებს დაღონება დადაღულ გულის...
იმ სიყვარულის მიმღერე რამე!

ყმაწვილკაცობა, ყვავილები სიცოცხლის დილის
ბურუსებს იქით გადიკარგა... როგორ ვეწამე!
ეხლა თავს მადგას ჭმუნვარება მომავლის ჩრდილის.
იმ სიყმაწვილის მიმღერე რამე!

დიდი მიზანი, ბრძოლა იყო ახალ დღეების,
არ დავცემულვარ, მაგრამ გესლით მე მოვიშხამე.
აი, ნაყოფი ქარიშხლიან სიცოცხლის ვნების.
მე იმ ბრძოლების მიმღერე რამე!

ახალგაზრდათა ბრძოლის შემდეგ დაუძლურების
და წარუშლელი მწუხარების გავხდი მოწამე,
მოწამე გავხდი ცეცხლისა და განადგურების...
გემუდარები, მიმღერე რამე!
კომენტარები (0)