0 881

მოგონებათ ცა


მოგონებათ ცა, საღებავი
ფერად-ფერადი
არ დაელევა, ოცნებაო,
მხატვარს - ბუნებას!
ახლა შენ უსმენ: ედარება
ცაიერადი
საუკუნეთა ხელოვნების
აგუგუნებას.

აღელვებული უზარმაზარს
ვშლი ფოლიანტებს.
არ დაგვიანდეს მათში დროთა
მრავალი მოდგმა.
უამრავ ლანდებს, შემკრთალ ლანდებს,
წარსულის ლანდებს
ქარვისფერ წიგნში რიდეებით
რთავს შემოდგომა.

ფოლიანტებში ბედი არხევს
მსოფლიო აკვანს.
კაცობრიობა, ჯერ ყმაწვილი,
მასში ტიროდა,
ის არტახებში განიცდიდა
წვასა და დაგვას -
სახიერება მწუხარებათ
უნაპიროთა.

ხან მის თვალებში მზე ელავდა
ცხოვრების ხატვის
გამოუთქმელი, შებრძოლების
გულში შთამდენი:
ადამიანის ბორკილებში
ჩაჭედვისათვის,
მონობისათვის იღვრებოდა
სისხლი ამდენი?

სხვაგვარ მხატვრების პალიტრების
ნატვრით ივსება,
თითქო უღრუბლო, ბედნიერი
მშვიდობა მიწის.
უდარდელობა, მშვიდობიან
ცის ათვისება
გზა იყო მხატვრის რამდენისა,
აბა, ვინ იცის!

მაგრამ დაიძრა აკორდები
ჩანგთა ღრუბელის -
ძარღვდაჭიმული ნებისყოფა,
უსაზღვრო ზიზღი.
ადამიანის ბორკილისგან
თავისუფალის
დამკვიდრებისთვის დაიღვარა
ამდენი სისხლი!

ხუთ მეექვსედზე მღელვარების
ნაპერწკლებს ჰმატებს
ხმა შურისგების, მოწოდებით
მქუხარ ლექსების,
და ჟამთა დენით ძველს, დამტვერილს
იმ ფოლიანტებს,
მიადგა შუქი დედამიწის
ერთ მეექვსედის.

რომ დამონების გაარღვიოს
ვიწრო გალია,
რა ქუხილია, რა წვიმაა,
რა გრიგალია!
მძაფრი ქარის ხმა უერთდება
წაშლილ სტრიქონებს,
გრიალებს, თითქო იმ უკვალო
დღეებს იგონებს.

უფრო და უფრო თავგადაკვლით
გრიალებს ქარი,
თითქო იმ დღეთა მწარე მტერი
მის წინ, აქ არი.
ქარი გადიქცა ქარიშხალად
მიზეზიანად -
ასწლოვან ხეებს მიწიდან გლეჯს
ძირფესვიანად.

ცამ გადიდარა. საღებავი
ფერად-ფერადი
არ დაელევა, ოცნებაო,
მხატვარს - ბუნებას!
სხვა იერადით უერთდება
ცაიერადი
საუკუნეთა ხელოვნების
აგუგუნებას!
კომენტარები (0)