1 1288

მუსიკა - უეცარი


ახალი ხმა შემოიჭრა, ვით ღრუბლიდან მთვარის შუქი
და ჰანგებად დაიღვარა, ვით სურნელი, ვით ქარბუქი.
ღამის თრთოლვა იდუმალი გარინდებით ამ დროს სთვლემდა
და ნაზი ხმა მის სივრცეში ლივლივებდა, ლივლივებდა!
თითქო ორთქლად ეფრქვეოდა არემარეს ეს ცის ხმები,
და სცურავდნენ ამ ლურჯ ორთქლში ვარსკვლავები, ყვავილები!
მაგრამ ჰანგი გაიზარდა და თანდათან შეიცვალა,
ახმაურდა მასში გრგვინვა და სტიქიის რაღაც ძალა,
ამ დროს თვალწინ იშლებოდა ჯურღმულები და ხევები,
იმედთა და რწმენის ზღვაზე მოცურავე ნამსხვრევები.
ჰანგთ ნაკადში ინთქმებოდა კაცთა გული, კაცთა თვალი,
იყო რაღაც საშინელი, იყო რაღაც იდუმალი,
ტბათა ფსკერზე თითქო ელვის დაიკლაკნა ბილიკები,
მაგრამ აჰა, სულ უეცრად შეიცვალა ისევ ხმები:
ლაჟვარდოვან ტბის სარკეზე გასრიალდა ვერცხლის ნავი,
ოდნავ დასწვდა წყალს ნიჩაბი, ვით ნიავი, ვით ნიავი...
მთიდან ნისლი ჩამოცურდა, ნისლი ბნელი, ნისლი შავი,
და გაშალა ტბის სივრცეზე თმა-გიშერი, თმა-ნაწნავი.
და ისმენდა ამ სიმღერას, და ტოკავდა, როგორც ნავი,
სანამ კვლავ არ შეიცვალა ჰანგთა ტალღა მომხიბლავი:
ეხლა, თითქო, ღრუბელთ ზევით დაოცნებობს ფიქრი წყნარი,
ცის ვარსკვლავებს აგროვებს და ზღვას სთავაზობს ნიავ-ქარი.
მდუმარე ზღვის ლაღ სივრცეზე ნისლად იდგა ის სიმღერა
და ტოკავდა ზღვის ქალწულთა მოხიბლული გულის ძგერა.
მწველი იყო ის სიმღერა, ვით შუადღის ბრწყინვალება,
სადაც გრძნობა გზას პოულობს, სადაც ცეცხლი იმალება.
და ისმოდა ეს სიმღერა, და ღვივოდა თვით ამ ხმაში
და ნარნარად იკაფავდა გზას უსაზღვრო ქვეყანაში,
იკვალავდა გზას და თრთოდა უსაზღვრობის სიღრმე-წყლულში.
იკვალავდა გზას და რეკდა გარინდებულ ცის ჯურღმულში.
ერთხელ კიდევ ჰანგთ კამარა მიძინებულ ქვეყნის გულში
მიატარა, მოატარა და გაიბნა შორს, უფსკრულში!!
კომენტარები (0)