0 1045

ორი ზარი


ღამით მივედი სასაფლაოზე
და ვინახულე ძველი ტაძარი,
ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე,
ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი...
მსურდა, რომ ყველას გაღვიძებოდა,
ვისაც სძინავდა ცივ სამარეში,
ვინაც მიყვარდა ან პატივს ვცემდი
ჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში;
რომელთაც სწამდათ ქვეყნად სიცოცხლე,
და დღეს საფლავის ფარავდათ ლოდი,
მათ მოვუხმობდი სასოწარკვეთით,
ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი...
და ქვესკნელიდან თითქო ამავ დროს
მიცვალებულთა რეკავდა ზარი,
და ეძახოდა მათ, ვინც აქ დარჩათ -
მათ, რომელთ სწამდათ ყოფნის ზღაპარი.
კუბოს ფიცრებზე ძვლების რახუნით,
მკვდართა გუგუნით თრთოდა ქვესკნელი,
შეერეოდა ცოცხალთ ძახილი
და მკვდართა მოთქმა უკანასკნელი...
და შუაში კი სიცარიელედ
ჩაბნელებული უფსკრული შავი
ბნელი თვალივით იცქირებოდა,
სამარადჟამოდ დაუნახავი...
და ორი ზარი საბედისწერო,
ერთმანეთისთვის მიუწვდომელი,
დაცინვა იყო, ვით ორი სული,
ვით ის ქვეყანა და ეს სოფელი...
და დიდხანს, დიდხანს ვისმენდი გუგუნს,
და დიდხანს, დიდხანს ზარი ჰგოდებდა...
მაგრამ ამაოდ მოვუწოდებდი
მათ, ვინც ამაოდ მომიწოდებდა...
კომენტარები (0)