ორხიდეები


აველ დაღლილი მარმარილოს თლილ კიბეებით
დარბაზში, სადაც ვისვენებდი ჯერ ისევ დილით;
ორხიდეების მწყობრად იდგა მუქი შლეიფი
განაზებული ჩემი ფერმკრთალ სულის სიკვდილით.

ხავერდის კუბო, დათოვლილი თეთრ ზამბახებით
იდგა მდუმარე, მგლოვიარე და დასევდილი;
ოჰ, იგი აქ წევს აბრეშუმის თეთრი ტალღებით...
ამ ყვავილებში დავასვენე ჯერ ისევ დილით!

დაქვრივებული ოთახები ჩუმად სტიროდნენ:
შავი გედივით მაღლა იდგა კუბო პირქუში!
დაქვრივებული ოთახები ჩუმად სტიროდნენ,
ჯერ ისევ გუშინ რომ ხარობდნენ, ჯერ ისევ გუშინ.

მე დავცქეროდი ისრებივით დახრილ წამწამებს
სამგლოვიარო დოლბანდებად რომ ჩამოვარდა,
გადაეფარა იმის თვალთა უსივრცო ღამეს, -
და არასდროს არ აიხდება ხელახლა ფარდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი