0 229

პირველ თაველებს


ვდღესასწაულობთ პირველ თაველებს
მოსასწაულე ვარდთა დაგებით,
აივნებს მალე ააყვავილებს
რტოების ნოხი და ფარდაგები.

ქალები ღამით წავედით ტყეში,
თვალებში ფეთქდა ელვა წყაროთა,
ყვავილს, რომელსაც ჰქვია ნუგეში,
ჩვენ დავეძებდით და გვიხაროდა.

ვაჟნი ეძებდნენ მთებში ხაზინას,
თოფების ბოლი ცრემლებს გვადენდა,
არ დაგვასვენეს, არც დაგვაძინეს
და ასე კიდეც შემოგვათენდა.

ავშალეთ მთაში მტევნები ფუტკრის,
ვაჟები ირმებს სდევდნენ ჯირითით,
უცებ... მახლობლად დაჭრილი ნუკრის
მოგვესმა კვნესა და ჩვენ ვტიროდით.
კომენტარები (0)