რევოლუციის ნიაღვრები


ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

გამოეშურეთ
ყოველი მხრით
მძაფრო დღეებო,
როგორც ძლიერი ენერგიით
წინ ეშურება,
შეუსვენებლივ დღის
ახალი სიცოცხლეები.
გამოწვევები,
შეჯიბრება
და შეშურება
თანადროული მღელვარებით
მიეშურება.
შეუბრალებელ მის კლანჭებში
იხრჩობა ძველი.
ის ახალგაზრდა კბილებით ღრღნის
საფეხურს მაგარს
იმ სიმწარისას, იმ ციხისას,
რომელიც მწველი
გამოცდილებით აჩერებდა
რღვევას, ნიაგარს.
ვინ იფიქრებდა
ამგვარ ძალას,
ნიაღვარს ამგვარს?
მან გადაასწრო
ამ მკვლელობას
საბედისწეროს,
მხოლოდ მან, რაც რომ ძლიერია
არა მარტო დღეს,
არამედ ის, რაც საუკუნეთ
უძლო მიწისძვრას,
არა მარტო დღეს,
არა მარტო ხვალ,
არა მარტო ეს;
გავხედოთ სივრცეს
თვალუწვდენელს,
გავხედოთ სივრცეს.
აბა შეხედე, საქართველო,
რაგვარ სისწრაფით
გადაყირავდა
ფოლადივით მტკიცე ტახტები,
რამდენი მეფე
გადაეშვა უფსკრულს კისრებით,
ასეა, როცა დაინგრევი,
გაპარტახდები,
ნანგრევებთან და ნანგრევებში კი
რას გახდები?
შფოთით და გრგვინვით
მიანგრევენ კლდესა და ღრეებს
რევოლუციის ნიაღვრები;
სპობენ, მარხავენ,
ძველი ფორმების უძლურებას,
რწმენას, სახეებს,
ყველაფერს, რაც კი
სუსტია და გაუჩარხავი,
ყველაფერს, რასაც ბატონობის
ჰქმნიდა ხარხარი.
ჰიმნებს მარადი სიახლისას
მღერენ ისინი,
სხვა ადამიანს მანქანების
მღერის ორგია,
გამოგონებათ ეცვლებიან
სიახლისენი,
პამირია თუ ჩიკაგოა,
ნიუ-იორკია.
ერთი ძლიერი ხმა გაისმის:
კმარა ბორკილი!
უკანასკნელთა
საზღვართა ხაზს
რომ ეძებს ხარბად,
რომ სურს გაზომოს
უფსკრულები
უშორეს მზეთა,
იმ სიშორეში
თუ ყველაფერს
გადააჭარბა,
აქ, ქვეყანაზე,
ჩვენს მიწაზე
ვერ შესძლებს ნეტა -
შეჰქმნას სუფევა
მხოლოდ შრომის
სიძლიერეთა?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი