0 1036

შავი ზღვის პირად


შავი ზღვის პირად ულამაზესს
ვხედავ შენობას,
რომელსაც შურით უდარაჯებს
თვალი ორგული.
ყოველი მხრიდან სუბტროპიკთა
მრავალფერობა,
გარს ხეხილები და პალმები
აქვს შემორგული.

ერთგული ხელი ამუშავებს
მშობლიურ მიწას,
გამარჯვებული მოწინავე
მშრომელის ხელი:
ერთი მანქანას დაყრდნობია,
მეორე ფიწალს,
უცებ იცვლება სანახავის
უვრცესი ველი.

შრომის სურათი თვალწარმტაცი
თვალწინ იშლება,
მზის ფერადები ელფეროვანს
შლიან პანოებს;
აქ ვრცელ ველებზე
სიუხვეა და სიხარული,
ზღვა ფერადები მას იტაცებს
და ატორტმანებს.

ამ მშვენიერი ბაღის კალთა
მათი მდელოა,
მისი ვარდებით, მისი დაფნით
და სამყურათი.
ეს ყვავილები, ეს უვრცესი
ორანჟერეა,
შემოქმედ ძალთა აყვავების
არის სურათი.

აქ ყველაფერი აწ სიახლით
არის მოცული,
აქ არის მათი მიზანი და
მოუსვენობა,
რომ იყოს ვრცელი, მზით აღსავსე,
გრანდიოზული,
ხალხის ცხოვრების მომავალი
დიდი შენობა.

აგერ გარს იხვევს ფეერიულ
ღრუბლების სამოსს,
მარმარილოზე მტკიცედ მდგარი
მშვენების ტერფი,
და უმძლავრესი აღნაგობის
ფართო  წინამოს
ჩვენი ბრწყინვალე რესპუბლიკის
ამშვენებს ღერბი!

ძვირფასი ღერბი, ანთებული
ლალის ვარსკვლავით,
მშვენით ორდენით უმაღლესით
ლენინის სახით,
უმშვენიერეს ორნამენტით,
თავთავთა ხვავით,
უმშვენიერეს ხვეულებით,
სავსე წიაღით!

სიცოცხლითა და ჯანით სავსეთ
ვხედავთ ფიგურებს,
და ახალგაზრდა ზღვას მიაპობს
მედგრად მხარულით,
გულდანდობილი აღტაცებით
თითქოს გიყურებს
სიმბოლო ველთა სიუხვისა
და სიხარულის.

სამშობლოვ! ისევ იმ მშვენიერ
ვარსკვლავად მინათ,
ისევ გვახსენებ, რომ გარშემო
რაზმთა მკრებელი,
დროშა ამ არეს აღმართული
ოცი წლის წინათ -
ახალ ეპოქის მოსვლის იყო
მაუწყებელი.

კვლავ დასავლეთი ხავერდოვანს
გადაშლის ყანებს,
სადაც ხეობა დაფარულა
ოქროს ვერძებით,
თითქოს მხატვრები დარბაზის ჭერს
და მის ლიანებს
აღფრთოვანებით დაფარავენ
მხატვრულ ძერწებით.
კომენტარები (0)