0 549

ცად აზიდულა, ვით მარმარილო


ცად აზიდულა, ვით მარმარილო,
მყინვარის თეთრად ნაკვეთი თავი;
იქ სცურავს მთვარე, სცურავს მუქ ცაზე,
ვით ოკეანის სივრცეზე ნავი.
დარიალისა ვიწრო კლდეებში
ბნელ ღამეს ითევს ბურუსი შავი
და ისმენს თერგი, თუ ცაზე როგორ
ესაუბრება ვარსკვლავს ვარსკვლავი.
მყუდრო ღამეში მოხეტიალე
ბედუინს სიზმრად მინახავს მხარე,
სადაც მუდმივი, დაუჭკნობელი
სილამაზეა და სინარნარე.
სადაც ქვეყნიდან უცხო საზღვარზე
სწყდება კაცთ ოხვრა გულმოსაკლავი,
სადაც იდუმალ-მარადიულზე
ესაუბრება ვარსკვლავს ვარსკვლავი.
კომენტარები (0)