ჭიანურები


მიდის ოპერა „ლაკმე“,
ბუტაფორიის შეხლა!
განა ეს არის საქმე?
მე სულ სხვას ვფიქრობ ეხლა:
მწარე ფიქრებში გართულს
მესმის სიცილი მთვრალი;
სადმე მეხუთე სართულს
მთვარე უღიმის მკრთალი.
ოჰ! როგორ მღუპავს გრძნობა -
ძველი, მოსისხლე მტერი!
მჯერა მე შენი ძმობა,
შენი შეშლილი ფერი.
განა მეხუთე სართულს,
განა მეათე მთვარეს,
უხმო, მჭვარტლიან სანთელს
გადავალევდი თვალებს?
მგზავრი, მწუხარე ხმობა:
„მცივა! მომეცით ჭერი!“
ოჰ! როგორ მღუპავს გრძნობა -
ჩემი მოსისხლე მტერი!
ხშირად ვიგონებ ვერლენს,
როგორც დაღუპულ მამას,
დაღვრის შეშლილი ცრემლებს,
მოგონებათა გამმას.
ხშირად ვიგონებ პარიზს...
ნახე იგი და დაგმე!
ნისლის, სულის და ქარის -
ლაკმე, სადა ხარ, ლაკმე!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი