თურმე შავ ზღვას წუხელის ..

თურმე შავ ზღვას წუხელის აუდუღდა მელანი,
ლურჯად სვრიდა მოქცევა თითებს სანაპიროთა.
სულ სხვა ტალღამ წამართვა თიკონი და ლელანი...
ბათუმური ამინდიც სხვის სიმღერას ტიროდა...
სიჩუმეში ვიგრძენი სილამაზე შენფერი,
საათს მწვანე თვალები აუცრემლდა კედელზე
დროის თამაშს ვთამაშობ, ისე როგორც შეჰფერის
ყველა გულით პოეტს და ყველა სიტყვით მეთევზეს...
ლექსი? ლექსი ფურცელზე მოქნეული ბადეა,
თევზი - სტროფის ბადეში მოფართხალე ბწკარები...
ზღვამ საყვარლის ნაპირთან სამი ღამე ათია
ახლა ისე ღელავს რომ ვერც კი მიეკარები...
გულის გულთან საუბარს არ სჭირდება ფრაზები,
მოდი, ზღვაში ხურდები მოვისროლოთ ნატვრებად,
თუ ძახილის ნიშნებით კვლავ შემომებრაზები,
ძველებურად დავლევ და თვითონ ღვინო დათვრება...