0 15

მამულის ქარი


/იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!/ 
                                                  პაოლო იაშვილი

ნაკალოვარი.
ცისარტყელა.
ფერების გამა.
„მადამ ბოვარი“.
ნათხოვარი წიგნების სია.
ხის ფუღუროში ჩაკარგული პირბასრი დანა,
ლიპის წყალი და შვილოსთავში მოსული სიო.
20 ივლისი.
ხვატი.
ჩემით ამაყი ბებო.
მე დავიბადე გაგანია ზაფხულში,როცა...
სიცხისგან ლამის გადაიწვნენ მუხურის მთები,
ისე გამათბო დედაჩემის პირველმა კოცნამ.
ჯგილასათიბი.
ტყეში ჩუმად გასული ტბები...
გახუნებული,
უსასუქო ყანების კვალი.
მე გული მტკივა,
როცა ხშირად თქვენ სოფლით ტკბებით,
როცა ზაფხული გადაივლის,ივიწყებთ მალე.
როცა გახსნიან წითელ ჭიშკარს და მომკილ ყანებს
ჩაცდებით,
წახვალთ...
თუმცა თქვენ რა...
მეც ასე არ ვარ?
ერთ წყეულ დღესაც მე თბილისში ჩამომიყვანეს
და უკან აღარ მიმაბრუნა მამულის ქარმა.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)