თბილისი. გიო ზედვაკელი. ზედ-ვაკე!


თბილისი. 
გიო ზედვაკელი ისევ ოფლშია. 
აგროვებს ხურდებს,მომავალი შექმნას ეგება. 
არადა ახლა,რომ ჩავიდეს თავის სოფელში, 
სამიათასი კვადრატული მაინც ერგება 
მიწა ქოხისთვის, 
ანდა ისევ შუშაბანდიან 
ძველი სახლისთვის, 
საჩიხისთვის, 
საზვროდ, 
საბაღედ, 
იმ ოთახისთვის, 
სადაც ლამპის შუშა ანთია, 
ყანისთვის-სადაც მოჰყავთ ხოლმე კვახი,ყაბახი, 
მწარე თუთუნი. 
ერთხელ მახსოვს მთვარეს ვუთიე 
ღამე, 
მეგონა,მიატოვეს ისიც ერთხელაც. 
რომ მახსენდება,რანაირი თბილი წუთია, 
ოთახში როცა შემოვა და შუბლზე გემთხვევა 
ბებო, 
ისეთი ფეხაკრებით,თითქოს მეძინოს, 
თითქოს და ქრისტეს ღვთისმშობელი მეალერსება. 
მტკივა თოვლისგან წაბლის ღობე  გადმოღრეცილი 
და სათითაოდ ყველა ხიმე ტანში მესობა. 
ივლისი. 
გიო ზედვაკელი ახლა ოფლშია, 
მაინც ქალაქის ჭიაა და ალბათ,იმიტომ! 
გუშინ ბიჭებმა დამირეკეს,მივალთ სოფელში 
და თუ გეცლება,დილით ადრე გამოგივლითო. 
............................................................................................. 
და გადამრევენ შუაღამით,ალბათ,სიზმრები, 
ყელთან მომდგარი ცრემლის გუნდა მეხვანცალება. 
შეგატყობინებთ მოკლე,სწრაფი შეტყობინებით: 
მე,რა თქმა უნდა, 
ხვალ მოვდივარ, 
მე ხვალ მცალია!

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი