ზედვაკელი


წვიმა მოვიდა ქალაქში, დილა გვემა და გალახა,
სველი ქუჩები ცივია. შენ გეძებ, არასად არა ხარ.
ვერ გააჩერებს ჭიქაში ნაყენი კატაბალახა
გულს,
წამლად თუ არ მოეცხო შენი თითების დანახვა.
ქალაქში ახლა თუ დადის პოეტი, ალბათ, ორი ან
ჰა და ჰა- სამი,ვისაც კი თავი ჩირი არ გონია,
იმ სამში ერთი მე ვარ და სხვა ადგილებზე ომია,
ნამდვილად, გადამდებია ქუჩების მელანქოლია.
დღეს დამპატიჟეს გვამებმა, სუფრაზე ხელი ავუკარ,
სულ წინ რა მინდა?
ასე მსურს: ხან წინ ვიყო და ხან უკან.
მედოლე მიყვარს, თუ დოლზე მარტო თავისთვის დაუკრა,
შაბაშებს აცდა და მერე სევდის ტროტუარს გაუყვა.
თბილისში აწი დრო მოვა- ეტლები ივლის მეიდანს,
სულ ისე,უმისამართოდ,მოკლედ,როგორაც მე მინდა.
ვიღაცა იტყვის- თავსხმაა, რა აჯამი დრო მევიდა,
საიათნავა გაძერწეს სოფლელი ზედვაკელიდან!

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი