ბარათი მახვშის კოშკიდან

ძვირფასო, ირა,
გადავწყვიტე, ლექსებს შევეშვა
გწერდე წერილებს (ზამთრის ღამეს)
მახვშის კოშკიდან.
მეფერფლებოდეს სიგარეტი დამზრალ ხელებში,
მოვკლა ზედ ტვინზე შეჩენილი წერის ხოში და
სენტიმენტები გამოვკიდო ცაზე მძივებად.
(დღეს შეიძლება, შევატოვო თავი ქარაფებს).
შენ, ალბათ, გვიან, ალიონზე ჩაგეძინება,
მე ვერ ვიძინებ და მთვარესთან ვილაპარაკებ.
ირა,ძვირფასო,
დღეს პირველად უნდა ვისროლო!
დალმა დამინდოს,მიხარია, ვცხოვრობ, შევხარი
მზეს და ყოველი მთის წვერია შენი კისერი
თეთრი...და ვეტრფი-
მოწყენილი თარაშ ემხვარი.
ნეტა აქ იყო...
აქ ფერს ქვია ცისას ლურჯი და...
ღამდება ლურჯად.
თეთრი მთვარეც იერს არ იცვლის.
გადმოალაგე ტანსაცმელი შენი უჯრიდან
და გელოდები,
ოღონდ ცოტა თბილად ჩაიცვი...

წყარო: urakparaki.com