შენ კატის წელში დაიბადე, ძვირფასო ირენ


07.09.1987.-შენი დაბადების თარიღი

შენ კატის წელში დაიბადე, ძვირფასო ირენ,
მე ვეფხვის წელში გაგიცანი და შემდგომ ამის,
ასეა დღემდე,დალაგებულ გონებას მირევ,
სულ ერთიანად დამავიწყდა სახელი ქალის
თუ კიდევ სადმე არსებობს და ვიღაცა ირქმევს,
თუ სადმე კიდევ დააბიჯებს რაფაზე ფისო.
ერთი გეზი აქვთ ლაშქარივით წამოშლილ ფიქრებს,
ერთი სახელი,
ერთი სახე,
(ხომ კარგად მისმენ?)
და ერთი ქუჩა,
ერთი ქარი,
ტრანსპორტი ღამის,
შენი სახლიდან ჩემ სახლამდე რომელიც მიდის.
და თითქოს,რაღაც ბუნებრივი,ღვთიური რკალით
ერთი კიდიდან ვუერთდები მეორე კიდეს.
მე არ მინახავს,მაგრამ ვფიქრობ,ღამეში ვიიონს,
ამ აწეული საყელოთი, ძმასავით ვგავარ.
მთელი დუნიის რაინდებმა კუდში რომ მდიონ,
ყველა ბეწვის ხიდს გავირბენ და უმარცხოდ გავალ.
შენ კატის წელში დაიბადე, ძვირფასო ირენ,
მე ვეფხვის წელში გაგიცანი, ძალინ გვიან.
გაცნობის დღიდან დალაგებულ გონებას მირევ,
ახლა მე სხვებზე ბედნიერი პოეტი მქვია.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი