0 39

შენ და ზღვა (მიმუს)


არაფერი არ არის ახლა ისე ფერადი,
როგორც შენი კაბა და ჩემი წარმოსახვაა.
ვდგავარ- სველი ტირიფი- შუა ზღვაში ყელამდე,
მზესუმზირა- რიყის ქვებს მზე შედგა და დახალა.
შენ, საერთოდ, იმდენად ჩემი საჩუქარი ხარ,
რაღა უნდა გაჩუქო საპასუხოდ, რავიცი...
სადაც წვრილი იყო იქ გაწყდა,მკერდზე გაიხა
ღრუბელი და იწვიმებს,
ჩამეხვიე,
ჩამიცვი.
მე დღეს შენი ლექსები გადმოვქექე თაროდან
და ყველაზე ნამდვილად წამეკითხა „დორეან“.
ახლაც ის მიხარია, ადრე რაც მიხაროდა,
ჩვენი დიდი გრძნობა რომ ამ ზღვასავით მდორეა
და ზღვასავით უხდება ჩაწყნარება ჟამიდან
ჟამამდე და ტალღები ღელდებიან ისევე.
ჩამოვჯდები, შენ კალთას ბალიშივით დავიდებ,
ასე მართლა ვერსად და ვერასოდეს ვისვენებ.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)