0 43

ლექსის სოფლელი ალკოჰოლიკი


ალკოჰოლს- აღარ,მარტო გაზიანს 
ვწრუპავ და ლექსაც ვეღარ მოვეშვი. 
აღმაშენებლის ვიწრო გამზირი 
მუშებმა ჩასვეს ხარაჩოებში. 
  დიდი ხანია აღარ ვეწევი, 
  თავზე ბერეტიც აღარ მახურავს. 
  მე დიდ პოეტებს რას დაგეწევით, 
  ათასში ერთხელ წამომახურებს 
რითმა და.. 
ყინვას გააქვს ჭრიალი. 
მატლი შეუჯდა მწვანე რიკულებს. 
მოდის თაობა ხეზე ჭიანი, 
ჰე,მეგობარო,მე რას მიყურებ? 
  ჩემი და შენი ბოლო-სიკვდილი, 
  მე- ვიწრო ქოხი,შენ კი სასახლე 
  დაგრჩა და უცებ წარმოიდგინე, 
  ამქვეყნად რამდენ რამეს ვასახლებ: 
სადღაც ხიდისთავს სვამენ ლოთები, 
მიგონებენ და ლექსად მიხმობენ. 
აბა,თქვენ რაზე მოგაგონდებით, 
ან ჩემკენ რატომ გამოიხედავთ? 
  დღეს გამომერღვა მუხლზე შარვალი, 
  დავდივარ, როგორც გლეხი -ბოგანო. 
  ხვალაც ხასიათს მომიშხამავენ, 
  გარეგნულად რომ კაცებს მოგავენ. 
დილით მეზობლის ქურთმა ბაბუამ 
ჩემი ბინძური ეზო დაგავა. 
ვერც პაპიროსმა ვერ გამაბრუა, 
ვერც რიუნოსკე აკუტაგავამ. 
  წუხელ სიზმარში თავი  მოვიკალ, 
  არადა ასე სულ არ მინდოდა. 
  „ლექსის სოფლელი ალკოჰოლიკი- 
  პირდაპირ ძუსის სანაპიროდან“- 
 
    საფლავს ეწერა...

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)