კლდე და ღრე დადის გიო ზედვაკელი..


აქეთ, ძმაო, ისეთი არაფერი არ არი,
ჯერ გორაა დიდი და მერე გრძელი ველია.
"მოდინახეს" ციხესთან დგას მეფუტკრის კარავი,
თავს ვახსენებ, უბრალოდ, გიო ზედვაკელი ვარ!
კატისცხვირის ქიმიდან, ვხედავ, მრავალწახნაგი
გდია- ჩემი სოფელი...(გაგანია აგვისტო).
ავტობუსით წავიდა სიყრმის ცხრა ამხანაგი
დილა უთენია და ლამისაა გამისკდეს
გული...გადახუნდება აწი, ალბათ, გვიმრალი,
ქვაბისძირი, ქვაყუნტა, ლიპი, ლენჭყო, ღრუბლისი.
ადგილები კი არი,იწვე პირმოღიმარი,
ცასთან ასე ახლოს და უფრო ახლოს უფლის წინ.
ალბათ, მტკვარი გუბეა ახლა მანდ და ჩამოცხა,
აქ მზეს კვეთავს ჰაერი, გაგიჟდები -სიოა.
თოკზე არგაფენილი გაშრა სველი სარეცხი,
აივნიდან ირეკლავს სარკე- კავკასიონი
სხივებს.შენი თვალებიც იმნაირად ანათებს,
შენი მოსვლაც, თუ გინდა ბანალური დაარქვი:
მზის ამოსვლას მაგონებს(ჰოდა ნუ ვიკამათებთ)
ახლა შენზე ვფიქრობ და არ ვაკეთებ არაფერს.
ქვაზე ვწევარ გულაღმა,სწორი ქვაა ფიქალი,
გვიან წვიმა მოვა და მინდორს ცრემლებს დაუშენს.
სევდას,გულზე მოწოლილს,სიგარეტით ვიქარვებ,
მთაში ესეც არ იყოს,რას ვიზამდი? დავუშვათ:
მაყვლის წვენით შევძლებდი გაქარვებას გულისას,
არ მჯეროდა არასდროს უეცარი წვიმების.
ცრემლიც არ მადგებოდა დიდი სიხარულისას,
არ მჩვეოდა შეშლილი კაცის მისტერიები.
შენ უბრალო გლეხი ხარ,ასე ეგდე ჩეროში,
არ მოგიტანს არავინ ყავას: "- მისტერ ინებეთ!"
შეგიძლია იმეფო სივრცის სამფლობელოში,
სადაც მარტო შენ ხარ და არსად უცხო პირები.

კლდე და ღრე დადის გიო ზედვაკელი...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი