გამახსენდება მე თქვენი სუფრა

მეგობარ პოეტებს

გამახსენდება მე თქვენი სუფრა.
დაგტოვეთ,
ღამე დამიხვდა გარეთ.
მოწყენილი და შემთვრალი უფრო
მეჩვენა შეჩერებული ქარი.
თქვენ, ალბათ, კიდევ დალიეთ მერე,
ალბათ, დილამდე ეომეთ ბახუსს,
მე კი ქუჩაში ვაყუჩე ნერვი.
( კარუსელივით ბრუნავდა სახლი)
მერე დავწექი.დილამდე ასე:
წამომახურა რაღაცამ.
მეთქი-
თერმომეტრს სიცხე ექნება 100.
ვაითუ სიკვდილს წინ დავუდექი.
თუ მოვკვდი... თუ და... თუ სული აღარ
შემრჩა და ცაზე ავიღე გეში,
არ მიატოვოთ ის მყუდრო ბაღი,
არც ზედვაკელის სნეულ მთვარეში
შენიშნოთ სარკე.
მიაჭერს ფეხებს
მუცელზე ღრუბელს წვიმა და წვეთი
დაიბადება...
მე-სიტყვის მეხრე
მანამდე,ვიდრე ამ ლექსს დავწერდი,
ვიყავი თქვენთან,
მიგონებთ ახლა.
გამომყვა ჩუმი ლექსების ექო.
ცოტაც ვერ გვიგებს( ბევრია ხალხი)
პოეტებს,
ესეც გითხარი, ღმერთო...

წყარო: urakparaki.com