ხვალ ისევ სიგარეტი მოგვინდება


-ბექა ახალაიას და ჩე გევარას-

ლექსებმა-ალუმინის მავთულებმა-
ერთ ტყავში მოგვაქცია მძიმე ძნად.
ცხოვრებას თურმე ძალად ართულებენ,
პოეტებს შეძლებიათ ასე, ძმაა,
რომ მარტო ერთი ღამის გადათევით
დიდი გამზირები შეშალონ.
წამო და მინდვრები გადავთელოთ,
და მთვარე, რომელზედაც გვგეშავენ
ჩამოვაგდოთ ბახუსის ორბიტიდან
(მუზა საერთო და საჩინო).
ხვალ ისევ სიგარეტი მოგვინდება,
ხვალ ისევ ასანთია საჭირო,
რომ ჭადრებს (რუსთაველზე) გადაბელილთ
ცეცხლი მივცეთ და ავანთოთ.
ჩვენ ამ ცხოვრებაში გადარბენით
მოვედით და ყველა დოგმას ვღალატობთ-
მაგალითად:ვერ ვმღერით კლასიკურად,
მოვლილი წვერით და პერანგით.
დაგვყვა თან იმიჯი ასკეტური,
ვერავინ შეგვიყვარა ვერაფრით.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი