0 63

დედა-თბილისი, მამა-იმერეთი


ჩემ მამულში გადაჯიშდა კოინდარი,
ახლა თურმე მრავალძარღვა ამოსულა.
ამ ქალაქში განა რა ჩამოვიტანე?
ქუჩა-ქუჩა დავაბიჯებ ქაოსურად.
რა მინდოდა?
მე რომელი ტერენტი ვარ?
ვფიქრობ ფხიზელ გონებაზე.
მთვრალი არ ვარ.
ეს თბილისი სულში რად შემომეტირა
მუდამ სახემომღიმარი მთვარიანად?..
პლეხანოვზე ჭადრები რომ დაირწევა,
მოვიგონებ გალას-მეფე გალაკტიონს!
მე თბილისმა მიშვილა და ჩამიწერა.
ჩემმა მამა-იმერეთმა მაპატიოს.
ზედვაკიდან ზედ ვაკეში ჩამოვსახლდი,
ლიხს იქეთის კარი გამოვიხურე და...
მოხუცივით მომლოდინე ჩემი სახლი
შეცივნული დგას და გზისკენ იყურება.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)