0 41

თავისუფლება - ეს არის დილა ..


თავისუფლება - ეს  არის  დილა,
სოფელი -მთებზე თოვლით,ყვითელით.
ხარ ჩაფრენილი  ხელებით  დივანს,
კაცის  სახელით,გაუყიდელით!

ყველაზე ცუდი?  გაიგებ  იმას,
რომ  წაუღია  ხიდები  გაღმით
მაისის მზისგან  გალახულ  მყინვარს,
მწვერვალზე  აფეთქებული  ნაღმით.

მზის ამოსვლამდე  მოწველი  ძროხას,
ბოსლის  გადაღმა  გაიტან  ნაკელს.
რამდენი  ახლა  ქალაქში  ოხრავს
და  აფთრებივით  უფრთხიან  ბანკებს.

ბაღში  ჩამოკრეფ  ქარვისფერ  ქლიავს,
შემოდგომაზე აჭრი  აკიდოს.
რამდენი  ქალაქს  ვერ  იხდის  ქირას,
რამდენს  სურს  სოფლის  სახლი  გაყიდოს.

მეც  ერთხელ  ასე  დამიცდა  ფეხი,
ჩავყლაპე  მტვერი  დიდი  გამზირის.
ნეტავ,ბოსტანში მეყარა  ნეხვი
და  ჩავხვეოდი ფუძეს  ვაზივით.

ნეტავ, მერეცხა ცხრაჯერ  ცხრა ჭური,
ნეტავ,  მეზიდა  შეშა  ურმებით.
მე  ამ  ცხოვრებას  ვარქმევ  ,,საჭურისს,,
და მომავალშიც  ვერ  ვიყურები.

თავისუფლება - ეს  არის  დილა,
სოფელი -მთებზე თოვლით,ყვითელით.
ხარ ჩაფრენილი  ხელებით  დივანს,
კაცის  სახელით,გაუყიდელით!
კომენტარები (0)