ერთი კაცი წვა სნეული ..

ერთი კაცი წვა სნეული, თითქმის რომ სული ხდებოდა,
თავს უჯდა ცოლი ყმაწვილი, ჰსტიროდა, ზედ აკვდებოდა.
ცოლს უთხრა მომაკვდავის ხმით: ''ადე და დახურე კარი.
მოდი, აქ დაჯექ, ხო ვკვდები, მაშ ჭეშმარიტად მითხარი:
ჩემმა ტოლებმა ჩხუბშია წამომაყვედრეს, ვითომცა
ფილიპემ სეირნობაში სამჯერ ტუჩებში გაკოცა.
ნუ ჩამაყოლებ ჯავრათა, მართლა ხო არა გყვარობდა?
იქნებ გაცდინა და მისთვის ისრე გულითა ხარობდა?''
ცოლმა მიუგო წუწუნით: ''მე სწორედ გაგიტყდებოდი,
თუ რომ ვიცოდე, რომ ეხლა უთუოდ შენ მოჰკვდებოდი".