თბილისო, ჩვენო თბილისო!


თბილისო, ჩვენო თბილისო,
გიჟღერდეს ფეთქვა გულისა,
პირს დაიყარე ვარდები
ათასი გაზაფხულისა!
გამარჯვებულო ქალაქო,
ჩვენო ლამაზო, მზიანო,
თბილისო, ჩვენო თბილისო,
ახალ დიდების ზიარო!
ჩვენი აკვანი ― თბილისი,
ჩვენი ემბაზი მტკვარია,
თბილისი სიცოცხლე არი,
სიცოცხლეც მისგან მტკბარია!
დედის რძით ნაზელ კირითა
ნაშენი ზღუდე გავლია,
ხმლით სიკვდილს მიჰგებებიხარ,
სისხლით გზა გაგიმტკავლია!
არ მოიხარე, არც გატყდი,
ვერც შეგიცვალეს იერი,
ბევრი გიზრდია დამცველი
ახოვანი და ძლიერი!
ბევრიც გაბრწყინდა შენს ცაზე,
როგორც სამშობლოს მნათობი,
ბევრმა დალეწა მტრის რაზმი
ძველებურ გოლიათობით.
ვერ დაბრუნდება მრავალიც ―
სანგარის პირას მძინარი,
ვეღარ ჩაუვლის შენს ქუჩებს
ბევრი ქოჩორა მცინარი!
მაგრამ მათ მარად აცოცხლებს
შენი მზის სუნთქვის ძალები,
შენი უკვდავი დიდებით
შემოსე მათი ძვალები!
გამარჯვებულო ქალაქო,
ფეთქვა ხარ ჩვენი გულისა,
პირს დაიყარე ვარდები
ათასი გაზაფხულისა!
ათასი წლობით იცოცხლე,
ჩვენო ლამაზო, მზიანო,
თბილისო, ჩვენო თბილისო,
ახალ დიდების ზიარო!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი