თუ წავიდა გაზაფხული


გაზაფხულის ცის ნაცრემლმა,
წაიარა წვრილმა წვიმამ;
თითქოს ათას ციცნათელამ
იცელქა და იყმაწვილა!
სიყმაწვილის ფერი ედო
ყველაფერს და ყოველივეს;
გაზაფხულის ოქრომკედო,
მაისის მზევ, მოლივლივევ!
სიჭაბუკევ, ისევ მოდი.
ფრინველების გესმის ტაში?
მოიწოდე ნუშის ტოტი,
ხელი სტაცე ჩანჩქერს ფრთაში!
თუ წავიდა გაზაფხული,
მშვენიერი, მზის დამფრქვევი, ―
გზა არ დასთმო ზამბახური,
არ მოეშვე, თან წაჰყევი!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი