0 1859

ივრის პირად


ისევ წისქვილის ისმის რაკუნი,
ძველი სიმღერა გულს ეყურება,
მთვარეა გულის გამაპობელი,
ვარსკვლავი ვარსკვლავს მიეტკბურება.

ისევ ნაცნობი, წყნარი ბუნება,
ციმციმა ზვირთი სევდით მოცული,
ისევ ბავშვობის ძველი ცდუნება -
მწვანე წნორები თმაგამოწნული.

არც დაშორება,
არც დაბრუნება...
ნუთუ აქ დარჩა გული
დარგული?..

ცისფერ ჩქერებში ეხახუნება
ქონიან მკერდით ქვას ორაგული.

აქ გავისინჯე ძალა ყელისა,
პირველი ლექსი,
პირველი დარდი!
და ჩანაჭერი ცისარტყელისა -
მეცვა ხალათი ნუშით და ვარდით.

და ნუთუ ახლა ის აქვე არი,
ეგ სიმღერებიც ნუთუ ჩემია?
ეს ცა, ეს წყალი მინანქრიანი
დანისლულ ხსოვნასღა შერჩენია...

*
შენთან მოველი, რომ გავიხარო,
შენი ზვირთები გულზე მებუროს,
ქალამნის წყალო, წნორების ღვარო,
მდინარევ, ჩემო შეყვარებულო!

ზარში ნაჯდომი შავარდნის ხმითა
შენთან ვუყივი პირველ სიყვარულს,
მე შენს წნორებში გახვევა მინდა,
თავზე ფოთოლი გადავიყარო!

ჩალურჯებული შენი ფშანებით,
შენი ნაწოვით მე ვარ ჯანმრთელი
შენი ცისფერი ბადახშანების
დამშენებია გულზე ნათელი!

*
ქალამნის წყალო, წნორების ღვარო,
შენ მარგალიტის ნაფოტიანო,
ვით უსინათლო, უწინამძღვარო,
კლდიდან კლდეებზე დაბოტიალობ.

ერთიღა დარჩი წყალი მწყემსური,
ტინის კიბეზე ჩამორხეული,
მძინარი, როგორც მთვრალი ხევსური,
ჯიხვის ტყავებით წამოხურული.

ხალხის უღელში არ ხარ გაბმული,
როდემდის უნდა დაიგვიანო?
არა გჭირდება მკლავში ქაფური,
კახურო დევო, შვიდძარღვიანო!

შენ რომ იყავი ამხანაგებში
დაულეწელი ვეფხვი ფრთოსანი?
როდისღა გნახო ცეცხლით ნაგეში,
იხარჯებოდეს შენზე მგოსანი...

*
...არც დაბერილი იალქანები,
ტივზე ტივები, გრძელი ბორანი;
აღორძინებულ სამშობლოსათვის
შენ უსარგებლოთ მიექანები
და ნისლებიდან მოგყეფს ყორანი!

*
აღსდექ, მდინარევ, დაცხედრებულო,
გვაჩვენე შენი ახოვანება;
შენი ტალღების დაქუხებაში
ისმოდეს დროსთან თანხმოვანება!

აღსდექ, გაჰკარი ტალღა შხაპური
დღეიდან ვეღარ დაიგვიანო,
არა გჭირდება მკლავში ქაფური,
დევო კახურო, შვიდძარღვიანო!

და მეც გამიძეხ, სიტყვას შავება,
სამშობლოს შუქით გამოვანათო,
როგორც დამლოცა ვაჟა-ფშაველამ,
დამსკდარი ხელი თავზე დამადო!
კომენტარები (0)