0 2014

მესხეთი


ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით
ისე დავბერდი,
ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...
ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...
როდის მოუვა მათ გაზაფხული?..
ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას,
სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა
შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით!
იქ ხე არა დგას, რომ არ ოხრავდეს:
― გაზაფხულია, რად არ აყვავდი!
იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთვის,
ჭოროხის კვნესას ― ქვათა ღაღადი...
შავშეთის მთებზე ნისლი გადადის,
კარჩხალის მთებზე ვხედავ არწივებს,
და მათ ანგრეულ, აშლილ ბუდეებს,
ქარი უბერავს, ქარი აციებს...
მაგრამ, გუგუნებს ქართულად მიწა,
და თუ გამხდარან დასანაცრები! ―
ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით,
მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები.
რუსთველის მამულს, მერჩულის მამულს
ვერ მიგვტაცებენ შავ ზღვის ქურდები;
თუ ნაგუბარში წყალი ჩამდგარა,
მე ჩემს მამულში ჩავსადგურდები!
ვინ მეჩვენება... ვინ მიწვდის ხელებს?
ვინ მეჩვენება... ვინ მიწვდის ხელებს?―
დაკარგული ძმის მესმის ყივილი...
საქართველოზე მოჭრილო ძუძუ,
შემაჟრიალებს შენი ტკივილი...
შენ ჩემი გულის დასაკლავად ხარ,
ისევ მტრის ხელში გადავარდნილი!
დიდო მესხეთო, ძველო მამულო,
ფეხდაფეხ დამდევს შენი აჩრდილი.
შენი ხანძრები მომბოლებია,
მომყრია ფერფლი მკვდარი ზღვის ფერი...
მინდა დავემხო მე შენს წინაშე,
კოცნით ავწმინდო შენს ლოდებს მტვერი...
შენი ნაშთები ნამსხვრევებია
ჩემის იმედის გაზაფხულისა,
ვკრებ და ვაერთებ, ცრემლით ვაწებებ,
ნახევრებია ჩემის გულისა!

***
დიდო მესხეთო, ძველო მესხეთო,
მადლო მესხურო, მზეო მესხურო,
ოცნებას უნდა, რომ ძველებურად
უკვდავი სხივით გადამესხურო!
შენი კოშკების სარკმელებისკენ
მოჰქრის ოცნება ჩემი ფრთამალი,
ოქროს-ფერად რომ იხედებოდა,
ისევ დაგნათის თავზე თამარი...
ისევ ორბებად დაგტრიალებენ
შენს ნანგრევებზე ჩამოხედული, ―
ბაგრატ, გიორგი, დიდი დავითი,
და სხვა ათასი გუნდი მხედრული. ―
ვინც მტერს ულეწა მოიერიშეს
შენს გალავნებზე მუზარადები...
თვით კახაბერი ზღვის კარის მცველი,
რკინის პალოთი საზღვრის დამდები...
დიდი დროშების შემარხეველნი,
მტრის განმრეკელნი ხმლით, აჯანყებით...
შავ ურდოების დამჯახებელნი,
შალვა თორელი, სარგის ჯაყელი...
და სხვა დაჭრილნი და წამებულნი,
ზედ დაკაფული შენი შვილები...
აბჯარცმულები, შუბწაწეულნი,
ხმალამართულნი, მხარგაშლილები.
ბუმბერაზები, გოლიათები,
გორგასალიდან ვიდრე ჩვენამდის,
ყველა ფეხზეა, ერთის გაფრენით,
რომ შენთან გაჩნდეს მტრის გაჩენამდის...
და თვით ჯერ პერანგ-გაუხვეველნი
და გახვეულნიც ბნელ სუდარაში,
ყველა გამხდარა შენი წყლულების,
შენი შეკომლილ აბჯრის დარაჯი...
მამათავრები, მაკურთხეველნი,
ოქროს-ენა და სულის მხილველი...
მგოსნების ალურ-სიმებიანი,
როგორც ათასი ოქროს ფრინველი...
თვით ჯადოქარი ქართული ქნარის,
ვეფხის ხალების დიდი მღერალი...
კელაპტრის შუქში მთაწმინდელები,
გრძელ ეტრატებით გადმომცქერალი...
ოპიზარები...საბანისძენი...
დიდ-ოსტატები...გადამწერლები...
შენთან არიან, ვით შენთან არი,
მათი სიმღერა, ღვაწლი, ცრემლები.
შავი ზღვის უბემ, დე, ჩაიბაროს
შენი ტკივილი, ძველი სევდები...
დაგიბრუნდება კვლავ რუსთაველი,
არწივის მხრებზე გამომზევდები!
კომენტარები (0)