1 973

ქეთევანის წიგნი


საქართველოს მუზეუმში ინახება ხელნაწერი ლოცვანი, ქეთევან დედოფლის ტყვეობაში ნაქონი. წიგნის ფურცლებს დღესაც ატყვია ცრემლის ლაქები და ერთგან სისხლის ნაწვეთალი.
ავტორი

ღამეა. სულ წვიმს. განა ცას
ამდენი უნდა ეწვიმა?
გული შემიკრთო უეცრივ
აჩრდილმა გადმოხვეწილმა.
დედოფლის შესამოსელში
ხელთ წიგნი გამოატარა,
ვიცი, წიგნებში სიტკბოა,
რად მწვავს ეს წიგნი პატარა?
ან მისი ხელში აღება
რამ უნდა გამაბედვინოს?
ზედ ცრემლის ლაქა აცხია,
ვიღაცას უნდა ეტირნოს!
ვიცი, ვინც არის პატრონი,
ან წიგნი ვისაც ჰხლებია,
მისი მიმკრთალი ფურცლები
სიმწარით იკურცხლებიან.
რაც ვერ დაწერა კალამმა,
ალბათ ცრემლმა თქვა მალულმა,
სამშობლოს ფიქრზე საკანში,
ირანს, ტყვედ გადაჩქმალულმა.
რა დაიტირა, რას გვეტყვის
დედოფლის ცრემლის ნაღვენთი? ―
თუ მოინატრა შორიდან
თავისი ტკბილი კახეთი?
ამ წიგნზე თვალთა გიშრების
ყოველი დაწამწამება
ფიქრით იწვოდა, ვით ზიდოს
მან მომავალი წამება.
შანთით, მარწუხით, დახლიჩეს,
გაზით უგლიჯეს ძუძუნი,
ყორნებს მიუგდეს საჭმელად,
ათას ხმლით გადაკუწული.
ათასი ელვის ნათელი
დედოფლის სახე ყოფილა.
ო, რა თვალები... ქართლისთვის
სიკვდილით გადაღობილან.
არ მასვენებენ, სულ მდევენ,
ის განიერი თვალები...
პატარა წიგნი საუბე,
ზედ ცრემლის ნაწვეთალები...
კომენტარები (0)