0 1499

ჭაბუკი პოეტის სიკვდილი


ვახტანგ ნადარეიშვილს

მომაგონდება... თუ რა ტანჯული,
მოკლე ცხოვრება ჰქონდა გავლილი...
რა მორცხვი იყო, ყუჩი, რა ჩუმი,
როგორც გზის პირას მდგარი ყვავილი.

მის გულის ფსკერზე წყნარი ნათელი
დაუქრობელი ენთო მარადის,
იმ ნათლის შუქით ჩამონადენი
ლექსით იღწვოდა ლექსის ხარატი,
სიტყვის ეჯიბი, რითმის მსტოვარი,
(არ მისცა ჭლექმა მღერის უფლება!)
ვაჰ, გაჰქრა, როგორც შუქი მთოვარის,
აწ, მოგონებით მესაუბრება.

თვალში გვაკლიხარ, გულში კი არა,
რათ იქეც გულის ამომკირავად,
შენ, გასრესილო ცხოვრების ვარდო,
ჩამოცვენილო სიცოცხლის კართან,
განა დაგკარგეთ პოეტი მარტო,
არა, ტკივილი სხვაც გვაქვს მის გარდა!

შენ ხომ მამულის შვილი იყავი,
წინ მოგელოდა საქმე ურიცხვი,
შენ ბევჯერ უნდა დაღლილიყავი
მშობელი ქვეყნის სამსახურისთვის.
რა ინაჩუქრე ქვეყნად ამდენი,
რომ დაიმსხვერი უცბად, ვით ზვირთი,
რათ ჩამოვარდი, ვით შევარდენი,
რათ გვაზიდვინე ამ კუბოს ტვირთი?
სად ირხეოდა ის ხე ბოროტი,
რომ შეგიმზადა კუბოს ფიცარი?
რატომ ძირშივე არ მოსტყდა ტოტი
და არ დაემხო დასამიწარი.
ნეტავ რათ უნდა სიკვდილს პოეტი,
განა სიკვდილი მღერის ან გალობს?
ცრემლიან სიტყვით შენთან მოვედი,
ჩანგო მსხვრეულო, დღეო ჩამქრალო!
მაგრამ მიწიდან გულს კვლავ ერხევი,
ამოიზრდები, ვიცი, ყვავილად,
ჩვენს გულს, ჩვენს ხსოვნას შემოეხვევი,
ოხ, რომ იცოდე, რა საყვარელად!
არ დაბნელდება გულის ლაჟვარდი, ―
პოეტის გული, ლამაზი ეგზომ;
მშვიდობით, ვახტანგ, უშლელო ვარდო,
უმღერებელო,უთქმელო ლექსო!
კომენტარები (0)