მთელი საღამო გჭამდი თვალებით ..

მთელი საღამო გჭამდი თვალებით.
გჭამდი თანდათან, არაერთბაშად.
მე მიყვარს როცა მეკიდება ნელა ბახუსი...
მე მიყვარს როცა ნება-ნება მათრობს თრიაქი...
შენი სხეულიც ხომ თრიაქია?!
მთელი საღამო გჭამდი თვალებით.
გჭამდი მოზომილ თანმიმდევრობით:
ჯერ შეგიჭამე ფეხის ტერფები,
მერე წვივები დავხარ - ვერ გავძეხ,
ვღეჭე მუხლები - ვერც მათ გამაძღეს.
მერე ბარძაყებს მივეპარე ისე ქურდულად,
ვით მტაცებელი ეპარება თავის სამსხვერპლოს.
მერე თეძოთა გამაოგნა ზუსტმა სიმრგვალემ
და გული დამწყდა რადგან თვალებით
შემეძლო მხოლოდ მათი შეგრძნება.
მივყევი ზემოთ. აქ მახეში მკერდის გავები -
შეველ სამოთხეს, ვკრიფე ვაშლები
და ნერვიულად ვყლაპე მთელ-მთელი.
მთელ-მთელი ვყლაპე ძუძუსთავებიც.
მერე ყელს დავწვდი. დავეწაფე როგორც ვამპირი -
ციდან მოვხსენი ახალი მთვარე, სამეფო თასი,
შევავსე შენი ცისფერი სისხლით და ისე შევსვი.
მერე სველ ტუჩებს კინამ დავაკვდი -
იმდენხანს ვწოვე სიყვარულის ელექსირები,
სანამ ბოლომდე არ დავაშრე მათი სისველე.
ბოლოს წამწამთა მათრახები ვიგრძენ სხეულზე.
მათ უმოწყალოდ, დაუნდობლად გამამათრახეს
და გადამაგდეს თვალთა ზღვების აბისალებში.
მე ჩავიძირე გიშერისფერ მათ სიღრმეებში
და... იქ დავიხრჩვი. თუმცა არ მოვკვდი -
არ შეიძლება პოეტი მოკვდეს ასე იოლად! -
მე შენს სურნელად გარდავიცვალე
და ნაცვლად სამოთხის,
შენს ხავერდოვან თმებში ვპოვე განსასვენები.
მთელი საღამო გჭამდი თვალებით.
გჭამდი თანდათან, არაერთბაშად.
მე მიყვარს როცა მეკიდება ნელა ბახუსი...
მე მიყვარს როცა ნება-ნება მათრობს თრიაქი...
შენი სხეულიც ხომ თრიაქია?!