ორიათას და შვიდი წელი ..

ორიათას და შვიდი წელი
(რიცხვი არ ვიცი).
გზაა და ისე გაიწელა,
რომ არ წავიქცე,
საკუთარ აჩრდილს ვებჯინები
როგორც ყავარჯენს.
ქუჩა, სახლები, მანქანები,
ღამის დარაჯი -
ილუზიაა ყველაფერი,
სიმულაცია...
ბებერი მთვარე, შინაბერა
დედაკაცივით
უშინაარსო, უშვილძირო
უ... უ... და ა. შ.,
ცაზე ვარსკვლავთა გუშინწინდელ
სიზმრის კოლაჟი,
ზაფხულის ხვატი, მოკიდება
ცეცხლის ბაღებზე,
ლამპიონები, მოსკიტები,
სისხლის გაღება,
ნაბიჯის ქორე, დამარცვლული
ფიქრის დაქტილი -
და არაფერი არ იცვლება,
მაგრამ ფაქტია,
გზაა და ისე გაიწელა,
უნდა გავიქცე...
ორიათას და შვიდი წელი
(რიცხვი არ ვიცი).