20.02.11

(რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...)

ეს ყველაფერი უკვე იყო. ეს გზაც, მათ შორის.
ასეთი თოვაც ნანახი გაქვს - იცი, არ დადებს -
და უკვე თითქმის არაფერი აღარ გაშორებს
აღქმულ მიწას და მით უმეტეს აღარ გადარდებს,

რომ გამოსავლის შესავლიდან ისე გაზარდე
ბოლოსიტყვამდე უდაბნო, რომ ახლაც შესასვლელს
ეძებ ვენაში, ქანაანში, როლში, აზარტში,
რეაქციაში, სამოთხეში, ხანში, ვერსალში.

ქუჩაში, თოვლში მიაბიჯებ, როგორც მამონტი,
გადაშენების პირას მყოფი, პირში იგუბებ
თებერვლის სუსხს და თვალს ადევნებ, როგორ ამოდის
ცაზე და ყელში, ერთნაირად, მთვარე დიდუბის,

მთვარე მთაწმინდის, მთვარე ვერის, მთვარე მასივის,
მთვარე ლოტკინის, მთვარე გლდანის, თანაც ჯერ ასე,
თანაც არასდროს, თანაც ნაზი, თანაც ასევე:
ზამბახი, მტკვარი და მეტეხის თეთრი ტერასა -

ეს ყველაფერი უკვე იყო.